სამთავისი (ტაძარი)
ვიკიპედიიდან
სამთავისი, ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში (კასპის რაიონი). ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში.
ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX საუკუნის შეკეთების კვალი. გვიანდელი მხატვრობის ფრანგმენტები გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში. ძეგლს გარს ერტყმის გალავანი, რომლის შიგნით ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. სამრეკლო, როგორც ჩანს, XVII საუკუნეშია აგებული.