პოტსდამის კონფერენცია
ვიკიპედიიდან
"პოტსდამის კონფერენცია" (17 ივლისი-2 აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო "ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია" წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის - უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა შეეთანხმებინათ სამომავლო მოქმედებების გეგმა.
თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო დათქმული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.
[რედაქტირება] წინაისტორია
თეირანის კონფერენციიდან მოყოლებული მოკავშირეები ერთმენეთს სხვადასხვა დიპლომატიურ დონეზე მრავალჯერ შეხვდნენ. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემა ყოველთვის იყო საერთო გეგმის შედგენა, იმის შესახებ თუ როგორ ეხელმძღვანელათ გერმანიაზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ. კასაბლანკას კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე. იალტაში შეთანხმდნენ გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფაზე და ერთიანი "ცენტრალური საკონტროლო კომისიის" შექმნაზე. 1945 წლის 8 მაისს "გროსდოიჩე რაიხმა" უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ხოლო 23 მაისს დაპატიმრებულ იქნა "საქმეთა მმართველი რაიხის მთავრობა" დიონიცისა და ფონ კროზიგკის მეთაურობით. ამის შემდეგ, 5 ივნისს მოკავშირეებმა "ბერლინის დეკლარაციით" გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფა და ხელისუფლების მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოსათვის გადაცემა დააკანონეს.
[რედაქტირება] კონფერენციის მონაწილეები და თემა
კონფერენციის გადასაწყვეტი იყო შემდეგი საკითხები:
- განთავისფლებული ევროპის ქვეყნებს შორის ახალი საზღვრების დადგენა
- დამარცხებული მხარისათვის დასაკისრებელი რეპარაციები
- დაპყრობილი გერმანიის გადანაწილება სამართავ ზონებად
- ჯერ კიდევ მიმდინარე წყნარი ოკეანის ომი და მისი დასრულების გეგმა
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ:
- შეერთებული შტატები - პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და სახელმწიფო მინისტრი ჯეიმს ბაირნსი
- საბჭოთა კავშირი - გენერალური მდივანი იოსებ სტალინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი
- დიდი ბრიტანეთი - პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ენთონი იდენი. 28 ივლისისდან - ახალი პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეტლი და საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი
გარდა ამისა თითოეული ქვეყნის დელეგაციაში შედიოდნენ არმიის გენშტაბის შეფები და სხვა დიპლომატიური პირები, რომლეიც განთავსებულნი იყვნენ მახლობლად მდებარე ნოიბაბელსბერგის ვილებში გრიბნიცის ტბის ნაპირზე.
[რედაქტირება] შედეგები და გადაწყვეტილებები
პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებები თავმოყრილ იქნა ე.წ. პროტოკოლში "პოტსდამის შეთანხმება". ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო:
- პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის გერმანული მოსახლეობის "მოწესრიგებული და ჰუმანური ტრანსფერის" ლეგიტიმაცია.
- აღმოსავლეთ გერმანული მიწების (ოდერ-ნაისეს ხაზს აღმოსავლეთით) პოლონეთისათვის გადაცემა.
- გერმანიის მოკავშირეთა 4 საკონტროლო ზონად (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) დაყოფა.
- გერმანიის სარეპარაციო ზონებად დაყოფა საკონტროლო ზონების მიხედვით.
ეს ბოლო პუნქტი თითოეულ მაკონტროლირებელ მოკავშირეს თავის საკონტროლო ზონაში მისი ინტერესების მიხედვით რეპარაციების დაწესების უფლებას აძლევდა, რითაც დაირღვა გერმანიისეკონომიკური ერთიანობა. ამას მალე ცივი ომის დაწყებისთანავე გერმანიის პოლიტიკური ერთიანობის დარღვევაც მოჰყვა.