მატანი (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
მატანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი "ცხრაკარა", რომელიც სოფ. მატანის დასავლეთით 3-4 კმ-ზე დგას. კომპლექსში შედის გალავანში მოქცეული რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობები. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, აგებულია რიყისა და ნატეხი ქვით. ინტერიერის ზოგიერთი ნაწილი შირიმის გათლილი კვადრებით არის ამოყვანილი. ბაზილიკას სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან ეკვრის ერთნავიანი ეკლესიები, რომლებიც VIII-IX საუკუნეებში ბაზილიკოს შეკეთების დროს მიუშენებიათ. XV-XVI საუკუნეებში ჩრდილოეთ ნავსა და ჩრდილოეთით მიშენებულ ეკლესიაზე სამრეკლო დააშენეს. ამავე ხანას მიეკუთვნება მოხატულობაც. ბაზილიკის დასავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით მოპირკეთებული მცირე ზომის ეკლესია დგას (გვიანდელი შუა საუკუნე).