კარლსრუე
ვიკიპედიიდან
კარლსრუე, ქალაქი გერმანიაში, მდინარე რაინის მახლობლად (უკავშირდება არხით), ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. 283.227 ათ. მცხოვრები (2004). დიდი სატრანსპორტო კვანძი, სამდინარო ნავსადგური. გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის საწვავის განმანაწილებელი ცენტრი (ნავთობი კარლსრუეში მიდის მარსელიდან წყლის გზითა და ნავთობსადენით). ნავთობსახდელი ქარხანა, სატრანსპორტო და ელექტრო მანქანათმშენებლობა, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური, პოლიგრაფიული, კვების მრეწველობა. კარლსრუედან 10 კმ-ზე არის ატომური კვლევის ცენტრი (ლეოპოლდსჰაფენი). უნივერსიტეტი, სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, ბადენის მხარის მუზეუმი (სიძველეთა კოლექცია), სამხატვრო მუზეუმი.
ქალაქი გაშენებულია რადიალურ-წრიული გეგმით. ბაროკოს სტილის სასახლიდან (1752-82, არქიტექტორი ლ. ფ. დე ლა გეპიერი, ფ. ა. კესლაუ) ჩრდილოეთისკენ მარაოსებრ იშლება საპარკო ხეივნები, ხოლო სამხრეთისკენ - ქალაქის ქუჩები. XIX საუკუნის I მესამედში არქიტექტორმა ფ. ვაინბრენერმა კარლსრუეში ააგო კლასიცისტური შენობები.