გერგეტი (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " გერგეტი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გერგეტი |
გერგეტი, გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია "არაგუზე ციხე გერგეტაული". ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.