ახალი ათონის მღვიმე
ვიკიპედიიდან
ახალი ათონის მღვიმე, ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე, მღვიმე აფხაზეთში გუდაუთის რაიონში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე.
ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: "აფხაზეთი", "ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი", "ტაძარი", "სოხუმი", "თბილისი", "ჰელიქტიტების დარბაზი" და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდტულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგნატებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. ცალკეულ დარბაზებშია პლატიკური თიხი დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ3 აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4°C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვები. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. "საქქალაქმშენსახპროექტის" ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა "თბილგვირაბმშენის" მიერ და გაიხსნა 1975 წელს.