ალექსანდრია, ნანა
ვიკიპედიიდან
ნანა გიორგის ასული ალექსანდრია (* 13 ნოემბერი, 1949, ფოთი), ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (1967), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1972 წელს დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის (ამჟამად თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) აღმზრდელი (მწვრთნელი ვ. ქარსელაძე, 1966 წლიდან - ბ. გურგენიძე). ყოფილი სსრკ (1966,1968,1969) და საქართველოს (1964,1965,1968) ჩემპიონი. I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოხრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974). მსოფლიო პირველობის 1969 - 1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.
ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილასი (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.